ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, თამარ სამხარაძესთან ერთად პროფესიული განათლების საერთაშორისო კონგრესს დაესწრო. კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ცალკეული შეხვედრები ბასკეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან, ბასკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ესპანეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან.
UNWTO-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ტურიზმის მიმართულებით საქართველოს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო დუშეთის ტურიზმის სკოლისა და თელავის ღვინის საერთაშორისო სკოლის პროექტებსაც, რომელთა დაფინანსებაც ახლახან გადაწყდა გერმანიის მთავრობის მხრიდან. UNWTO-მ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს აღნიშნული პროექტების განხორციელებას და დაეხმარება მის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებას.
ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა ასევე, ესპანეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან. მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც მომზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გაამყარებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას როგორც პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცლის, ასევე, პოლიტიკის დონეზე, გამოცდილების გაზიარების კუთხითაც. აღსანიშნავია, რომ ესპანეთშიც დაიწყო რეფორმის ახალი ტალღა პროფესიული განათლების სისტემაში.
ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა საკვები ინდუსტრიის ინოვაციების ცენტრში, სადაც ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.