მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების შესახებ საუბრისას ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე ეროვნული გამოცდების მიმართულებით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ კლასტერულ აკრედიტაციაზე, დაფინანსების ახალ მოდელზე, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და იმ ახალ პროექტებზე, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემას ახალ საფეხურზე აიყვანს და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს.
მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების რეფორმებისთვის აქტიურად იმუშავა სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც სამინისტროსა და დარგობრივი, მათ შორის, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
„ცვლილებების შედეგად, 2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი. მაგალითად, მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს გაუზრდის მათთვის სასურველი ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და დაეხმარება უნივერსიტეტში სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებში გაზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, სამინისტრო აგრძელებს უნივერსიტეტების მხარდაჭერას აკადემიური პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების კუთხით. შედეგად, მიმდინარე წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა 5 წლის ვადით ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მიიღო.
„ჩვენი გუნდის უმთავრესი ამოცანაა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან შეიცვლება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოქმედი სისტემა. კერძოდ, დაინერგება სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კლასტერული აკრედიტაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის განვითარებასა და საერთაშორისო დონეზე საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების აღიარებას. ამასთან, ახალი სისტემით შესაძლებელი გახდება, რომ სახელმწიფომ, განათლების სფეროს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გააანალიზონ, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო როგორც ერთი უნივერსიტეტის ფარგლებში, ასევე მთლიანად ქვეყანაში. კლასტერული აკრედიტაციის ამოქმედებით, უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოახდინონ საკუთარი ფინანსური და ადამიანური რესურსების კონსოლიდაცია კონკრეტული დარგის პროგრამებზე, რადგან ყოველ წელს მათ აკრედიტაციის პროცესის გავლა მოუწევთ არა ყველა დარგის, არამედ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დარგის საგანმანათლებლო პროგრამებზე. კლასტერული აკრედიტაციის დროს უნივერსიტეტის ფარგლებში ერთი კონკრეტული სფეროს სხვადასხვა საფეხურის პროგრამები შეფასდება ერთიანად, ერთი ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რაც ხელს შეუწყობს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის კავშირისა და განსხვავებების უკეთ დანახვასა და შეფასებას.
ევროკავშირის დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსა (EKKA) და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) თანამშრომლობით, კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება სამ უნივერსიტეტში უკვე განხორციელდა: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პილოტირებაში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები გერმანიიდან, ესტონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
მსოფლიო ბანკთან ერთად უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამუშაო პროცესი აქტიურად გრძელდება:
„საკონსულტაციო მომსახურების 40-წლიანი გამოცდილების მქონე ბელგიურმა კომპანია IBF-მა წარმოადგინა ზოგადი ხედვა უმაღლესი განათლების დაფინანსების მიმართულებით რეფორმის შესახებ და გამოკვეთა შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვის უპირატესობები, მათ შორის, ფინანსური რესურსების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განაწილება, ანგარიშვალდებულება სახელმწიფოს მიმართ, გამჭვირვალობა და სოციალური პასუხისმგებლობა, უნივერსიტეტების ინსტიტუციური გაძლიერება და სტრატეგიული განვითარება. ახალი მოდელის დანერგვის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ, დაგეგმონ სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ლაბორატორიების მოდერნიზაცია, დააფინანსონ სამეცნიერო კვლევები და დახვეწონ პროფესორთა ანაზღაურების სისტემა. ახალ მოდელში გათვალისწინებული იქნება რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები“.
მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი სამინისტროს აქტიურ მუშაობას უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, რითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მაქსიმალურად უწყობს ხელს, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები შექმნან.
მიმდინარე წელს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ფრანგულმა ინსტიტუტმა – სუპაგრო მონპელიემ – ხელი მოაწერეს ერთობლივ ორმაგ სამაგისტრო პროგრამას მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში, რაც საქართველოს ამ მიმართულებით სასწავლო და სამეცნიერო დონეზე მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩენს.
სადოქტორო პროგრამების სიღრმისეულად და სრულყოფილად შეფასების მიზნით, მინისტრის თქმით, შემუშავდა სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია დამატებითი მოთხოვნები კვლევითი კომპონენტის ორგანიზების კუთხით. დაზუსტდა და დაიხვეწა სადისერტაციო ნაშრომის შეფასებასა და დაცვასთან დაკავშირებული პროცედურები. აღნიშნულ დოკუმენტს საფუძვლად უდევს ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორებიცაა: ზალცბურგი II-ის და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის რეკომენდაციები, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, გერმანიისა და ესტონეთის სტანდარტები და სხვა.
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსების განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, გამოცხადდა ახალი კონკურსები ექსპერტების შერჩევისთვის. ასევე, დაიწყო აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ეტაპობრივი ატესტაციის პროცესი.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების მიღების კუთხით, მათ შორის, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ახალგაზრდების მხარდაჭერა, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ საკითხთან მიმართებით მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა განათლების საერთაშორისო ცენტრზე, რომლის მეშვეობით ყოველწლიურად ათეულობით ახალგაზრდა იღებს სახელმწიფო დაფინანსებას საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. 2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლისათვის დახარჯული თანხა 44 მილიონ ლარზე მეტია. სხვადასხვა პროგრამით, მათ შორის, Erasmus+-ის პროგრამით, დაფინანსებულია 8 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება საზღვარგარეთ.
„ჩემი გამოსვლა მსურს დავასრულო ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბით – 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან.
ქართველოლოგიის პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევრები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამაზე პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.
ქართველოლოგიის პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია“, – განაცხადა მინისტრმა.