საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქეთევან ფეიქრიშვილის 5 შვილიან ოჯახს ესტუმრა და ტყუპებს ნინო და ბესიკ ფეიქრიშვილებს სასწავლო სახელმძღვანელოები გადასცა, ისინი წელს №190-ე საჯარო სკოლის პირველ კლასში წავლენ. წიგნები პირადად მინისტრისაგან მიიღო თამარ ფეიქრიშვილმა, რომელიც ამავე სკოლის მესამე კლასელია. დიმიტრი შაშკინმა საჩუქრები ოჯახის მცირეწლოვან წევრებსაც მიუტანა.
წელს პირველად გახდა შესაძლებელი ყველა სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ მიიღოს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გადაეცა ფეიქრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს სასწავლო სახელმძღვანელოები.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო. მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შესძლებენ.