კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს განათლებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ ალ ნუაიმისთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.
ნუნუ მიცკევიჩმა მადლობა გადაუხადა კატარულ მხარეს ყოველწლიურად ქართველი სტუდენტისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე გამოყოფილი სტიპენდიებისთვის და კატარის ფონდის მიერ კატარში არსებულ ამერიკულ უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების დაფინანსებისთვის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და კატარს შორის უმაღლესი განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსა და კატარს შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით.