პროფესიული განათლება ევროპული განათლების სივრცის ნაწილი ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Erasmus+ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა პროფესიული სასწავლებლებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საინფორმაციო სემინარი ჩაატარა.
სემინარზე განხილეს ყველა ის შესაძლებლობა, რასაც Erasmus+ პროგრამა სთავაზობს ქართულ პროფესიულ სასწავლებლებს: ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტები, პერსონალისა და სტუდენტების მობილობა, ინფორმაცია პროფესიული სწავლების წამყვანი ცენტრების შესახებ და ა.შ. სემინარზე ასევე განიხილეს პროექტებში მონაწილეობის პირობები, მოთხოვნები და ვადები.
სემინარის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ Erasmus+ ქმნის უზარმაზარ შესაძლებლობებს არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარების, არამედ განათლების ხარისხის განვითარების კუთხით. მინისტრის მოადგილის თქმით, პროგრამის მიერ შემოთავაზებული კონკრეტული კომპონენტები მნიშვნელოვნად გააფართოებს პროფესიული განათლების რეფორმის არეალსა და მის ეფექტს.
სემინარზე განსაკუთრებულად აღინიშნა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებისა და ზოგადად სისტემის განვითარებისათვის.