კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ჰასსან რაშიდ ალ დერჰამთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა კატარის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და უახლოეს მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება დაიგეგმა, რაც გაცვლითი სასწავლო პროგრამებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად საფუძველს შექმნის.
ნუნუ მიცკევიჩმა მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ყოველწლიურად ქართველი სტუდენტისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე გამოყოფილი სტიპენდიებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ხსენებულ პროგრამაში საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის გაზრდის საკითხი.