საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო.
პროექტის გაფართოების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი გადაამზადა. ცენტრმა მათთვის უზრუნველყო სპეციალური ონლაინ სატრენინგო კურსის ჩატარება, რომელიც სხვადასხვა მოდულებს მოიცავდა.
გადამზადებულ პირებს კურსის წარმატებით დასრულება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ პირადად მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მოსწავლეებში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების კუთხით ერთობლივი პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი საჯარო სკოლებში 2020 წლიდან ხორციელდება და არჩევითი კურსის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ პილოტირებას გულისხმობს. პროექტი საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან თადარიგში დათხოვნილი ოფიცრებს შესაძლებლობას აძლევს, გადამზადდნენ და მოწვეული მასწავლებლის სტატუსით საჯარო სკოლებში დასაქმდნენ.