საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალეკო გობრონიძემ, ისრაელის ელჩ რან გიდორთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესა და მარნეულის მერ კენან ომაროვთან ერთად, მარნეულის N4 და სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში ისრაელის საელჩოს დაფინანსებით განხორციელებული პროექტები მოინახულა.
პროექტების ,,შალომ კლუბ გურიისა“ და ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ ფარგლებში საჯარო სკოლებში დამონტაჟდა ისრაელის წარმოების სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარი „NUF 250“. აღსანიშნავია, რომ „NUF 250“-ის ინოვაციური დანადგარი ასუფთავებს წყალს მისი დაბინძურების ხარისხის მიუხედავად. გაწმენდის პროცედურის შემდეგ კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, წყალი ითვლება სასმელად ვარგისად.
ვიზიტის დასასრულს მხარეებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს. როგორც ელჩმა აღნიშნა, ისრაელი კვლავ აქტიურად გააგრძელებს კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას.