საქართველოს „მეფუტკრეთა გაერთიანების” ორგანიზებით, სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული თაფლის სექტორის წარმომადგენლები და სფეროს მხარდამჭერები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიმართა.
აღსანიშნავია, რომ 2018-2021 წლებში საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული თაფლის ხარისხი და ცნობადობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
იხვეწება და ვითარდება პროფესიული განათლება მეფუტკრეობაში. აღსანიშნავია, რომ გაერთიანება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედი დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ წევრია, რომლის მიზანია ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა და სოფლის მეურნეობაში ადამიანური რესურსის განვითარება. გაერთიანება აქტიურად მონაწილეობს „აგრო დუოს“ სამუშაო შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა არჩევითი მოდული „ჯარას თაფლის წარმოება“. მიმდინარე ეტაპზე, აღნიშნული მოდულის საფუძველზე მიმდინარეობს საგანმანათლებლო რესურსის შემუშავება.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე ხაზგასმით აღინიშნა, პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ, რომელიც გვთავაზობს პროფესიული განათლების მართვის ახალ მოდელს და ორიენტირებულია საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარებაზე საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებას და ეფექტურ კოორდინაციას. სააგენტო, დაკისრებულ ფუნქციებს განახორციელებს სხვადასხვა დარგობრივი უნარების ორგანიზაციების მეშვეობით და შექმნის სტიმულს კონკრეტულ სექტორებში არსებული დარგობრივი ასოციაციების საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის.
გაერთიანებასა და 11 პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, მეფუტკრეობის პროგრამის სასწავლო გეგმების გაუმჯობესების მიზნით.
ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია და ტრენინგები მეფუტკრეებისთვის: გაერთიანებამ შექმნა და გაავრცელა 14 საინფორმაციო ბროშურა და სახელმძღვანელო, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა. გაერთიანებისა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით 2135 მეფუტკრე გადამზადდა.
გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაარსდა და ამ ეტაპზე მისი ქოლგის ქვეშ 9 ასოციაცია და 12 კომპანიაა გაწევრიანებული, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5,500 მეფუტკრის, მათ შორის, 548 ქალი მეფუტკრის, ინტერესებს წარმოადგენენ, რათა აღმოფხვრან ის დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლის მეფუტკრეობის სექტორის ზრდას საქართველოში.