საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერების კვირეული – 2021“ გრძელდება. კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო თემატიკის მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარი მოსწავლეებისთვის. მოზარდები მთელი კვირის განმავლობაში საინტერესო და სახალისო ფორმატში ეცნობოდნენ მეცნიერების საფუძვლებს. მათ საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით შეხვედრებში და პირადად მოესმინათ ქართველ მეცნიერთა ლექცია-საუბრები მათთვის საინტერესო თემებზე.
კვირეულის ბოლო დღეს არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ეწვია და მოზარდებს მეცნიერთა მხრიდან ლექციების ჩატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა, რაც მათ მომავალში პროფესიის შერჩევასა და ინტერესის სფეროების განსაზღვრაში დაეხმარება. თავის მხრივ, მოზარდებმა ლექციებით მიღებულ შთაბეჭდილებებსა და საკუთარ სამეცნიერო ინტერესებზე ისაუბრეს.
მეცნიერების პოპულარიზაციას არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალ წელსაც გააგრძელებს. 2022 წლის იანვარში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის, ლექციების, ვორქშოფებისა და სხვა შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება.