საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა „მეცნიერების კვირეული - 2021“-ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სამეცნიერო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი ღონისძიებების შედეგები შეაჯამა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2021 წელს მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და განხორციელებული პროექტებისთვის ჯილდოები გადაეცათ: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს. ასევე დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს 2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამით განხორციელებული კონკურსებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებაში.
კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის „დისერტაცია / თეზისი 3 წუთში“ გამარჯვებული დოქტორანტები:
● I ადგილი: ანა გვარამაძე – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
● II ადგილი: მარიამი რუსიტაშვილი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
● III ადგილი: სალომე ბესტაევა – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
კონკურსს ორგანიზება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკამ გაუწია.
გალა ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები სამეცნიერო კომიქსების კონკურსში მოპოვებული გამარჯვებისთვის:
● I ადგილი - ლუკა ლომჯარია
● II ადგილი - ხვიჩა წენგუაშვილი
● III ადგილი - ონისე დვალი.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის „რას ამბობს შავი ზღვა“ გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და გორის სამხატვრო სკოლის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ნახატების ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ბავშვები. აღნიშნულ კონკურსებში მონაწილეობა მიიღო 2000-მდე მოსწავლემ როგორც საქართველოდან, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უცხოეთში მცხოვრებმა მოსწავლეებმა.
დასკვნით ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ კონსერვატორიის ფოიეში გამოფენილ სამეცნიერო კომიქსების კონკურსის გამარჯვებულთა ნამუშევრებს, ხელნაწერთა ვიზუალებს, „ევროპელ მკვლევართა ღამის“ ფარგლებში განხორციელებული კონკურსების გამარჯვებულთა ნამუშევრებს, მეცნიერების თემატიკაზე მოსწავლეების მიერ შექმნილ ნახატებს. ღონისძიებას მუსიკალური ნომრებით აფორმებდა კონსერვატორიის გუნდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელა.
„მეცნიერების კვირეული“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 20-25 დეკემბერს გაიმართა, რითაც მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები შეჯამდა.
„მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, I ეროვნული სამეცნიერო ფორუმი, მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს განხორციელებული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოებები, სამეცნიერო თემატიკის ნახატების გამოფენები და ტელესპექტაკლის პრემიერა, ლექცია-სემინარები არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის.
„მეცნიერების კვირეული - 2021“-ის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.