საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო ჭელიძესთან ერთად, ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის 2022-2025 წლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის მიზნით უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.
ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროს მხრიდან უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უკვე ჩატარებული სამუშაოსა და ახალი პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის საჭიროების შესახებ ისაუბრა, რისთვისაც აუცილებელია ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება.
თავის მხრივ, ნინო ჭელიძემ კი დამსწრე საზოგადოებას განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა და 2022-2025 წლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სამუშაო სტრატეგია წარუდგინა.
შეხვედრის შედეგად შეთანხმდა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამისთვის პრიორიტეტული მიმართულებების პროექტის ჩარჩო. შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ის მიმართულებები/დარგები, სადაც არსებობს კვალიფიციური კადრების საჭიროება, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების მიზნებთან.