ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სკოლის შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო სამსართულიანი კორპუსის, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და ეზოს სრული რეაბილიტაცია: გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, მოეწყო სარეკრეაციო სივრცე და სპორტული მოედანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ინაშაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა და მისი ღირებულება 337 ათას ლარზე მეტია.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.