საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარი მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციები ჩატარდა. პროექტი სამეცნიერო თემატიკის კუთხით მოზარდთა ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.
საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციები თბილისის N8, თბილისის N11 და ქუთაისის N2 არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებებში ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. აღნიშნული დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის თხუთმეტი ლექცია ჩატარდა, რომლებსაც სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავდა მეცნიერების მიერ მოზარდებისთვის სამეცნიერო დარგების, მათ შორის ისტორიის, არქეოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებების და სხვ. საფუძვლების გაცნობას. ლექციები ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა და არასრულწლოვნებს მათთვის საინტერესო თემების განხილვის შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციას პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარებთან მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს. ამ მიმართულებით არაერთი მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.