რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება შენობების მზიდი ელემენტები, სრულად განახლდება წყალ-კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგებისა და ვენტილაციის სისტემები. რეაბილიტაციის შემდეგ ახალ გარემოში ორივე სკოლაში ჯამურად 2 500-მდე მოსწავლის მიღება იქნება შესაძლებელი. პროექტების ღირებულება 8,967,052 ლარია. უახლოეს მომავალში იგეგმება რუსთავის 21-ე, მე-6, მე-3 და შოთა რუსთაველის სახელობის მე-2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ რუსთავის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ილია ჯალაღანიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა დავით ტაბიძემ და რუსთავის საკრებულოს წევრებმა და საჯარო სკოლების დირექტორებმა მიიღეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია და გასული წლის მსგავსად, წელსაც არაერთი ახალი შენობა შეემატება სასკოლო ინფრასტრუქტურას. 2023 წლიდან საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა ავტორიზაციას გაივლის ახალი სტანდარტის მიხედვით. გარდა იმისა, რომ აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ამ პერიოდისთვის საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად სრულად გამართული იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სსიპ სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ერთობლივი ძალისხმევით 2012 წლიდან დღემდე აშენდა 174, ხოლო სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა.