საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ დღეს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა სკოლაში შესაბამისი ღონისძიება განახორციელა: ჩატარდა სკოლების სრული დეზინფექცია, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.
საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში კვლავ ძალაშია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები: პირბადეების ტარების წესი, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო წლის ბოლომდე უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგით.