21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ საჩუქრები გადასცა.
მინისტრი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერ კამპანიასაც შეუერთდა, რომლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წელს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული.
ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სამინისტროს მიზანია, ნებისმიერ პირს შეუქმნას ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცე და ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. ამ მიმართულებით სამინისტრო „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამას“ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. საქართველო წელს მეთერთმეტედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას. 2022 წლის მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს.