საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ 5 წარმატებულ მოსწავლეს გამარჯვება მიულოცეს და სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.
თამარ მახარაშვილმა საერთაშორისო ტურნირისთვის კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის გამო ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სკოლის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო დებატების სწავლება და შესაბამისი ტურნირების ჩატარება სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის შესარჩევ კონკურსში საქართველოში არსებული დებატების კლუბების 500-ზე მეტმა წევრმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 5 საუკეთესო შეირჩა. საერთაშორისო ტურნირი ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მასში 40 ქვეყნის 600-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის, ადგილობრივ ტურნირში გამარჯვებული საქართველოს სკოლების მოსწავლეები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.