დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „სპეციალური მასწავლებლის გზამკვლევისა“ და „სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევის“ პრეზენტაციები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და სპეციალურმა მასწავლებლებმა მიიღეს.
ჰიბრიდულ ფორმატში შეკრებილ საზოგადოებას თამარ მახარაშვილი მიესალმა და სამინისტროს მხრიდან სპეციალური მასწავლებლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო, ერთი მხრივ, აქტიურად მუშაობას სისტემაში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლების გასაძლიერებლად და, მეორე მხრივ კი, საინტერესო რესურსებს ქმნის მათთვის, ვინც ამ პროფესიაში შემოსასვლელად ემზადება. საერთო ჯამში კი, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მასწავლებელმა კლასში შექმნას პოზიტიური და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო.
„სპეციალური მასწავლებლის გზამკვლევი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მომზადდა და განკუთვნილია ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლებისთვის. დამხმარე რესურსი საინტერესო იქნება მათთვისაც, ვინც ემზადება სპეციალური მასწავლებლობისთვის, ასევე, საგნის მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მშობლებისა და ყველა იმ პირისათვის, რომელიც დაინტერესებულია სპეციალური მასწავლებლის საქმიანობითა და ფუნქცია-მოვალეობებით.
გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს სპეციალურ მასწავლებელს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, აღჭურვოს იმ ცოდნითა და ღირებულებებით, რომელიც საჭიროა პოზიტიური, უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის.
გზამკვლევის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
http://inclusion.ge/res/docs/2022021222004732213.pdf
„სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და მისი მიზანია სპეციალურ მასწავლებლებს დაეხმაროს პორტფოლიოთი გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოებასა და პრაქტიკის გაუმჯობესებაში. პორტფოლიოს გზამკვლევი ეყრდნობა სპეციალური მასწავლებლის საქმიანობაში არსებულ საჭიროებებს და აერთიანებს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს. იგი დაეხმარება სპეციალურ მასწავლებლებს, საკუთარი ცოდნისა და უნარების, ასევე, სსსმ მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაში.
პროფესიული საქმიანობის თვითშეფასების მხრივ პორტფოლიო მასწავლებლისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტია, იგი ეხმარება და ამზადებს პედაგოგს სხვა ალტერნატიული შეფასებისთვის და ნათლად ადასტურებს მის მზარდ განვითარებას. პორტფოლიო სპეციალური მასწავლებლის მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა.
პორტფოლიოს გზამკვლევის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
http://inclusion.ge/res/docs/2022013123164480403.pdf