ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
ახლად აშენებული სკოლის გახსნის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ სასკოლო ინფრასტრუქტურა მოინახულა და ჰერეთისკარის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სკოლის გახსნა პირადად მიულოცა. როგორც ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შედეგად, 2026 წლისთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
სოფელ ჰერეთისკარის ახალი საჯარო სკოლის შენობა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კეთილმოეწყო კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, ექიმის კაბინეტი, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზო. ამასთან, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები.
სკოლის მშენებლობა, რომლის ღირებულება ჯამში 2.5 მილიონი ლარია ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სოფელ ჰერეთისკარის ახლად აშენებული სკოლა ყველა საჭირო რესურსითა და თანამედროვე ინვენტარით სრულად აღჭურვა.