საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა, მოსწავლეებში გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, გენდერული მგრძნობელობის გაზრდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების გაუმჯობესება, სისტემატიზაცია და მონიტორინგი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გათვალისწინებულია გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის შექმნაც. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) კუთხით სკოლების მხრიდან ვალდებულების ეფექტიან შესრულებას.
მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისა და სკოლის მანდატურებისთვის უკვე შემუშავდა სატრენინგო მოდული „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. აღნიშნული მოდულის ფარგლებში ტრენინგი უკვე ჩატარდა იმ მასწავლებლებისა და მანდატურებისთვის, რომლებიც სამომავლოდ კოლეგებს ამავე მიმართულებით გადაამზადებენ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.