21.01.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსის შემოღებასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკატერინე ზღულაძესა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს დავით იოსელიანს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა: ”2010 წლის სექტემბრიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში იქნება ახალი საგანი, რომელსაც ქვია სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. ამ საგანში იქნება რამდენიმე კომპონენტი: სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და საქართველოს არმიის შეიარაღების მიმოხილვა.. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ რეფორმას პოზიტიურად ხვდებიან, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები”.
პროექტი მოიწონეს და მის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოთქვეს შეხვედრის მონაწილე უწყებების ხელმძღვანელებმა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სპეციალისტებთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.
ექსპერტებისაგან შემდგარი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო კურსის კონცეფციაზე მუშაობას აპრილის თვეში დაასრულებს. სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე შეირჩევა საპილოტე სკოლები, რომლებშიც სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლება განხორციელდება. მიღებული პილოტირების შედეგების ანალიზის შედეგად, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი საბოლოო სახით ჩამოყალიბდება და სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება.