წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა აშენდა.
სკოლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
მინისტრის მოადგილემ სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ გეგუთის ისტორიული სკოლა, რომელიც 1887 წელს დაარსდა, თავისი განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე სასწავლო რესურსებით ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. შენობაში მოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე, შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი. გარდა ამისა, შენობაში დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.
სოფელ გეგუთის სკოლის სამშენებლო პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 3 534 000 ლარია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ახლად აშენებული სკოლა ყველა საჭირო რესურსითა და თანამედროვე ინვენტარით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ აღჭურვა.
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შედეგად, 2026 წლისთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.