საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ბოლო პერიოდში სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსების ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა. აღნიშნული მიდგომა წელსაც შენარჩუნებულია, რაც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა მეცნიერს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს კონკურსში და მიიღოს დაფინანსება.
2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში სამეცნიერო პროექტების წარდგენა შემდეგი სამეცნიერო მიმართულებით არის შესაძლებელი:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა მეცნიერებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლა და სამეცნიერო პროექტების წარდგენა 2022 წლის 6 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. გასათვალისწინებელია, რომ საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველწლიურად აცხადებს. აღნიშნული კონკურსის მიზანია, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით, ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური, ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობას. კონკურსი ასევე ეხმარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში.
მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობა და მათი ახალი იდეების განვითარებაზე ზრუნვა წარმოადგენს. შესაბამისად, სამინისტრო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, ახალგაზრდა მეცნიერების მხარდასაჭერად აგრძელებს აქტიურ მუშაობას მათთვის ცალკე კონკურსებისა და პროგრამების შემუშავების მიმართულებით.