საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.
კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციის, ტერმინოლოგიის, ენობრივი ტექნოლოგიებისა და რესურსების შექმნასა და განვითარებას, ქართული და ქართველური, ასევე, ეთნიკური უმცირესობების ენების კვლევისა და დოკუმენტირების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, რადგან ქართული ენის მკვლევრებთან ერთად მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 240 000 ლარს შეადგენს და სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან.
სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ენის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა განისაზღვრა: ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა; ქართული სალიტერატურო ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა; ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე; ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა; საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა.