საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ მწვრთნელებს უმასპინძლა, წარმატება პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტურნირებში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ძალიან საამაყოა, ის ფაქტი, რომ ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო კონკურსებში ქართველმა მოსწავლეებმა ასეთი მაღალი შედეგი აჩვენეს და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე კიდევ ერთხელ ასახელეს.
ქართველმა მოსწავლეებმა ორ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვეს გამარჯვება - კერძოდ, ავსტრიის ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში აბსოლუტური პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო მათემატიკაში ევროპის გოგონათა რიგით მე-11 ოლიმპიადაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.
მინისტრმა გამარჯვებულ მოსწავლეებს განათლების სისტემის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს მიხეილ ჩხენკელმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის შესახებაც გააცნო ინფორმაცია. მისი თქმით, გასულ წელს ბრიუსელში ხელი მოეწერა Horizon Europe-თან ასოცირების შეთანხმებას, რამაც საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნა გზა. Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები სარგებლობენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ავსტრიის ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ – ნიკოლოზ მალცევმა, ლევან ლოლაშვილმა და ნინი ქუჩულორიამ – მიიღო მონაწილეობა. მათ კონკურსში აბსოლუტური პირველი ადგილი დაიკავეს და საქართველოს ტურნირების ნაკრებების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ტურნირზე, რომელიც 1988 წლიდან იმართება, საქართველოს ნაკრებმა აბსოლუტური გამარჯვება 1993 წლის შემდეგ წელს პირველად მოიპოვა.
მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრების წარმომადგენლებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიების ჩატარება საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებს შორის უპრეცედენტო მოვლენა იყო, ვინაიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მისი ორგანიზება, პანდემიის მიუხედავად, დასწრებით ფორმატში შეძლო.
რაც შეეხება მათემატიკაში ევროპის გოგონათა რიგით მე-11 ოლიმპიადას (EGMO), მასში საქართველოს მასშტაბით, მათემატიკის მიმართულებით საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე გოგონებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლისა და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. აქედან, თამარ ფეიქრიშვილი (ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე საჯარო სკოლა, X კლასი) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, კესო ჭელიძემ (ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე საჯარო სკოლა, XI კლასი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ლიზი კუჭავას (ა. რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლა) საპატიო სიგელი გადაეცა. მათემატიკაში ევროპის გოგონათა რიგით მე-11 ოლიმპიადა (EGMO) უნგრეთში გაიმართა.
ევროპის გოგონათა ოლიმპიადა მათემატიკაში (EGMO) 2012 წლიდან ტარდება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად ფართოვდება. აღნიშნულ ოლიმპიადაში საქართველო 2016 წლიდან იღებს მონაწილეობას და ამ პერიოდის განმავლობაში ყოველ წელს საქართველოს გოგონათა ნაკრები მაღალ შედეგებს აჩვენებს.