წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან, მიხეილ ჩხენკელისგან მოზარდებმა საჩუქრად საბავშვო წიგნები მიიღეს.
სამხატვრო და შემეცნებითი ილუსტრირებული გამოცემები გადაეცათ ბავშვებს, რომლებიც იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობენ, ასევე, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლების – თუშურების, ნაქალაქარისას და ანანურის საჯარო სკოლების მოსწავლეებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველ წელს უერთდება წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ კამპანიას #აჩუქეწიგნი, რომელიც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.
მოზარდთა წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა და სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს საჯარო სკოლებში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკები, რომელთა წიგნებით განახლებასაც სამინისტრო პერიოდულად უზრუნველყოფს. ამასთან, უკანასკნელ წლებში აშენებული და მშენებარე სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკის სივრცის მოწყობას მდიდარი წიგნადი ფონდით.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, რომელიც იუნესკოს გადაწყვეტილებით 1995 წელს დაწესდა, მსოფლიოს 195 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება.