პანდემიის შემდგომ სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენისა და მათ შემსუბუქებაზე ზრუნვის მიზნით, მეორე დღეა თბილისში USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
კონფერენციის „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გლობალური სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი ექსპერტები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და დონორი ორგანიზაციები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა პანდემიის პირობებში მსოფლიო განათლების სისტემის დანაკარგები და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს მათ აღმოსაფხვრელად.
თამარ მახარაშვილი: „ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილავთ იმ კონკრეტულ ინდიკატორებს, რომლებითაც სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო დანაკარგებს აფასებენ და ვიმსჯელებთ ერთიან მეთოდოლოგიაზე, რითაც გავზომავთ დანაკარგების სიდიდის ვალიდურ მაჩვენებლებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დასრულებამდე ჩვენი ქვეყანა იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ აღმოიფხვრას კონკრეტული სასწავლო დანაკარგები. ჩვენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან და კოლეგებთან ერთად, ვმსჯელობთ იმ რეკომენდაციებსა და მიდგომებზე, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიოს განათლების სისტემას დაეხმარება დანაკარგების აღმოფხვრაში.“
კონფერენცია „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ თბილისში 3-5 მაისის ჩათვლით იმართება და მის მთავარ მიზანს პანდემიის შემდგომ პერიოდში სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული გზების დასახვა წარმოადგენს.