საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების დაფუძნების პროცესი.
ახალი საგრანტო ოფისი ამჯერად ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო მონაწილეობა. მან სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ნუნუ მიცკევიჩის თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისების დაფუძნების უმთავრესი მიზანია ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მათ წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
საგრანტო ოფისის გახსნის ღონისძიებას Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მაია ოკუჯავა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე და უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ამ ეტაპზე Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, 2021 წელს საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა მოაწერეს. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომლის მისიაა ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. სწორედ ეროვნული ოფისის ქოლგის ქვეშ ერთიანდება საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისები.
Horizon Europe, 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, უპრეცედენტო მოცულობის საგრანტო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და ინოვატორებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ მასშტაბურ სამეცნიერო პროგრამებში და ევროპელ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა პროექტი განახორციელონ.