საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა. ახალი გამოცემის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა.
ღონისძიებას კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე უძღვებოდა, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის” გამოცემის მხარდაჭერისთვის. ზაზა აბაშიძის თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის დაბეჭდვა სწორედ მიხეილ ჩხენკელის დამსახურებაა.
1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა.
აღნიშნული გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.
რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი კი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა.
წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა.
აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გახარია, საქართველოს პარლამენტის წევრები - ბექა ოდიშარია და ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ზაზა მარუაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.