საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა. სწორედ GIZ-ის ხელშეწყობით დაინერგა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული სწავლების დუალური მოდელი, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება და ვითარდება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის სახალხო სკოლების კავშირის (DVV International) მიერ განხორციელებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიხსნა ზრდასრულთა განათლების ცენტრები. დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით სულ 13 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ქართულ მხარეს საქართველოს რეგიონებში ზრდასრულთა განათლებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.
თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა მიხეილ ჩხენკელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და კვლავაც დაადასტურა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა. გერმანიის ელჩმა პროფესიული განათლების სფეროში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.
შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი ესწრებოდნენ.