სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა – „საქართველო და უკრაინა: საერთო ევროპული არჩევანი“, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად უკრაინის 50-მდე უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
სტუმრებს უკრაინულ ენაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა, რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უკრაინელ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
თავის მხრივ, უკრაინელმა კოლეგებმა პოზიტიურად შეაფასეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება და მადლიერება გამოხატეს იმ თანადგომისთვის, რასაც უკრაინისათვის საქართველოს სახელმწიფო, ხალხი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას უკრაინიდან ჩამოსული აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის უსასყიდლოდ ჩარიცხვისა და სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. უკრაინის რამდენიმე მოქალაქემ უკვე მიმართა შესაბამისი თხოვნით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა უჟჰოროდის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვოლოდიმირ სმოლენკამ, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის უმაღლესი სასწავლებლებისათვის მათი გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანი იქნება.
შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის დოცენტი ვოლოდიმირ დუბოვიკი, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი სვეტლანა ესტერეევა, ბორის გრინჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის პროფესორი ოლექსანდერ ცვეტკოვი. გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია უკრაინულ ენაზე ითარგმნოს ზურაბ ხონელიძის მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ და ამ თემაზე გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია.
დასასრულს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უკრაინელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა, რომ რთული ვითარების მიუხედავად, გამონახეს დრო იმისათვის, რომ უნივერსიტეტისთვის იუბილე მიელოცათ და მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიეღოთ მონაწილეობა.