საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალების გამო.
მიხეილ ჩხენკელი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ღვაწლმოსილი მეცნიერის, აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ბატონი ვახტანგი ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში თითქმის 60 წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. სწორედ მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომით მან უმნიშვნელოვანეს შედეგებს მიაღწია ფუნქციათა თეორიასა და ფუნქციონალურ ანალიზში.
ბატონი ვახტანგ კოკილაშვილი გახლდათ 270-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 9 მონოგრაფიის ავტორი, იყო მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესის (ICM 2014) რეგიონული ელჩი და არაერთი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე.
ის ასევე ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში და სტუდენტების საყვარელი ლექტორი გახლდათ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია სამეცნიერო საზოგადოებისათვის.“