ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები მეუფე იაკობის ხელმძღვანელობით ესწრებოდნენ.
მინისტრის თქმით, ახალი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის ჩრდილოეთ კენტუკისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრის თქმით, ეს სამაგალითო კოლაბორაცია სწავლების ხარისხის განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მიხეილ ჩხენკელს მხარდაჭერისთვის და განაცხადეს, რომ მათთვის დიდი პატივია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ახალ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა უნივერსიტეტში მეუფე იაკობმა საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.
მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, კიბერუსაფრთხოების საკითხები უაღრესად მნიშვნელოვანია. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე იზრდება კიბერუსაფრთხოების როლი და მნიშვნელობა, რაც შრომის ბაზარზე ამ სფეროს სპეციალისტების მოთხოვნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, თანამშრომლობის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის შემუშავება.
აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ როგორც ჩრდილოეთ კენტუკის, ასევე სანგუ-ს აკადემიური ხარისხი (ე.წ. ორმაგი ხარისხი - double degree).
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალური ჩართულობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ფრანსუა ლეროი, ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი კევინ კირბი და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის უფროსი მაურინ დოილი. ხოლო, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა, კანცლერმა თამაზ ვაჩნაძემ და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.