საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ კეტრინ შვაიცერს, „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისა“და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ დეტალები განიხილეს და საქართველოს დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.
„საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები“ საქართველოში, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში აშშ-ში გამართული სასწავლო ვიზიტის დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ამერიკულ უნივერსიტეტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის, ტექნოლოგიების გადაცემის, მეწარმეობის ხელშეწყობის მიდგომებს და გაეგოთ მეტი კვლევის კომერციალიზაციის შესახებ.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანადგომის მნიშვნელობას ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის. მინისტრმა განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ პარტნიორობას. მიხეილ ჩხენკელმა წარმატებები უსურვა პროექტში ჩართულ მხარეებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს კოლაბორაცია ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.
თავის მხრივ, პროექტში ჩართულმა მხარეებმა მინისტრს აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს მიღწეული შედეგები გააცნეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, აშშ-ის საელჩოსა და უშუალოდ მიხეილ ჩხენკელის თანადგომის გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორი სოფო ბზიშვილი, პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები.