საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს, რომლის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფინეთის განათლების მინისტრთან ლი ანდერსონთან. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის, მათ შორის ფინური გამოცდილების გათვალისწინებით, ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც გულისხმობს სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას.
მინისტრის თქმით, განათლების ფინური მოდელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში და ქართულ განათლების სისტემაში მისი კომპონენტების კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
თავის მხრივ, ფინეთის განათლების მინისტრმა ფინური სისტემის წარმატებაზე ისაუბრა და გამოხატა მზაობა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში მხარი დაუჭიროს საქართველოს განათლების სამინისტროს.
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა ფინეთის განათლების მინისტრი საქართველოში მოიწვია.
ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ სხვადასხვა ქვეყნის განათლების 112 მინისტრი იღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ განათლების სფეროში მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.
საქართველოს დელეგაციის ლონდონში ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.