26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია #ევროპისკენ – რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ურყევ არჩევანს, დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებითა და ჩვენი დამოუკიდებლობით.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ და ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამა წარმოადგინა.
რუსთაველის გამზირზე მოსულ სტუმრებს ადგილზე საინფორმაციო და საგამოფენო სივრცეებთან ერთად, დახვდათ საბავშვო ზონა და ციფრული კუბი – შემეცნებით სივრცეში განთავსებული კუბის ფორმის პავილიონი, სადაც დამთვალიერებელი საგანმანათლებლო შინაარსის სხვადასხვა ვიდეორგოლსა და ინფოგრაფიკას გაეცნო.
გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო აქტივობები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამთვალიერებელს მრავალფეროვანი შემეცნებითი პროგრამა შესთავაზა. კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია, სახალისო ბიოლოგიის პროგრამა და სხვა აქტივობები.
რუსთაველის გამზირზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული საინფორმაციო სტენდი, სადაც განთავსდა ინფორმაცია საერთაშორისო/ევროპული პროექტების შესახებ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დამთვალიერებელს საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეში სასწავლებლისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა რუსთაველის გამზირზე მისულ დამთვალიერებელს ვახუშტი ბატონიშვილის ევროპის რუკის მიხედვით შექმნილი დიდი ზომის ფაზლის აწყობა შესთავაზა. ცენტრის ორგანიზებით, ასევე, ჩატარდა წიგნის ბეჭდვის ძველი ტექნოლოგიის გაცოცხლების ვორქშოფი – „დაბეჭდე წიგნი“ და სხვა არაერთი საინტერესო შემეცნებითი აქტივობა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული ახალგაზრდების პროექტებით იყო წარმოდგენილი. ფონდმა დამთვალიერებელს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ჩართულობის შესაძლებლობა მისცა. კერძოდ, გაიმართა სახალისო ექსპერიმენტების პრაქტიკული დემონსტრირება, ახალი ტიპის ეგზოსკელეტონური მრავალფუნქციური დანადგარის – „სმარტ კოსტუმის“ პრეზენტაცია და ინოვაციური ექსპერიმენტი „თერმული წყლები“, რაც გულისხმობს ალტერნატიული ენერგიის მიღებას მინიმალური დანახარჯებით.
რუსთაველის გამზირზე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA – Georgia)“ 2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებმა საკუთარი ინოვაციური ექსპონატებიც წარმოადგინეს.