საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეს ეწვია, სადაც საქართველოს პირველობა მიმდინარეობს 8 და 12-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. მინისტრმა პირადად მიულოცა ნორჩ მოჭადრაკეებს ბავშვთა დაცვის დღე და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად პირველი სიმბოლური სვლა გააკეთა.
დღესვე, მიხეილ ჩხენკელმა ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორებს, კესარია მგელაძეს და გაბრიელ გაბადაძეს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ამხანაგური ბლიც-პარტია გაიმართა მინისტრსა და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 5-გზის გამარჯვებულ ნანა იოსელიანს შორის.
როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ამ სიახლესთან დაკავშირებული დეტალები დღეს მინისტრმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 5-გზის გამარჯვებულ ნანა იოსელიანთან, ქართული ჭადრაკის ლიდერ ნანა ძაგნიძესთან, საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (FIDE) ვიცე-პრეზიდენტ აკაკი იაშვილთან და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილა. მათ მინისტრს გულითადი მადლობა გადაუხადეს ინიციატივისთვის და ხაზი გაუსვეს დაწყებით კლასებში ჭადრაკის შესწავლის მნიშვნელობას.
ჭადრაკის სასახლე 27 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით მასპინძლობს საქართველოს პირველობას 8-12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი 150-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს.