საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას შეუწყობს ხელს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.
ოფისის კოორდინატორები ქართველ მკვლევართა ჯგუფებს აქტიურ დახმარებას გაუწევენ კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. აღნიშნული სივრცე ქართველ და აფხაზ მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ იმავე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრს, ის ქართველ და აფხაზ სტუდენტებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ბენეფიციართა 45%-ზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტია, შესაბამისად, სასწავლო გარემო მაქსიმალურად არის მორგებული დევნილ სტუდენტთა საჭიროებებზე და მათთვის უნივერსიტეტი სხვადასხვა მხარდამჭერ აქტივობებს ახორციელებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ქსელის გაფართოება, რომელიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო უნივერსიტეტს მოიცავს. საგრანტო ოფისის ფუნქციაა ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომი პროცესების მართვაში.
2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.