საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, USAID-ისა და PH International - საქართველოს თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის განხორციელება იწყება.
პროგრამის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა მიიღეს.
თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პროგრამის ინიციატორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სამოქალაქო განათლების პროგრამა სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარებას, სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვასა და სკოლებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების ხუთწლიანი პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 650 სკოლასთან თანამშრომლობას გულისხმობს. კერძოდ, პროგრამაში აქტიურად ჩაერთვებიან VII-XII კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პროგრამის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმები, სადაც მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარ პროექტებსა და იდეებს გააცნობენ და მათი მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებენ. ამასთან, სასკოლო ინიციატივების წასახალისებლად იმოქმედებს მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებასა და დემოკრატიული კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის გაიცემა გრანტები, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებსა და პედაგოგებს, სკოლისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივები განახორციელონ. სტუდენტებისა და მომავალი პედაგოგების სასკოლო პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით გრანტებს უნივერსიტეტებიც მიიღებენ.