საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს 82 წლის იუბილეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელი: „ბატონო რისმაგ, გულითადად გილოცავთ იუბილეს.
თქვენი, როგორც გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ღვაწლი შეუფასებელია. თქვენმა სამეცნიერო საქმიანობამ, ანტიკური ცივილიზაციისა და ლიტერატურის ისტორიის, ელინისტიკის, ეტრუსკოლოგიის, ბერძნული და ლათინური ენათმეცნიერების, ქართველოლოგიისა და მედიტერანულ-ქართველური ურთიერთობების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ცოდნა შექმნა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.
ორ ასეულზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი – თქვენი მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები იმ აქტიური და ფასდაუდებელი მოღვაწეობის ნათელი მაგალითია, რომელსაც ათწლეულების მანძილზე ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ეწევით. თქვენს ნაშრომებზე არაერთი თაობა აღიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებთ მოღვაწეობას და ახალ თაობას გადასცემთ იმ ცოდნასა და ღირებულებებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ქართული მეცნიერების განვითარებისათვის. საამაყო და სასიხარულოა, რომ თქვენი ავტორიტეტი აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წინსვლასა და წარმატებას ქართული მეცნიერების, სრულიად ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.“