საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ მალდივის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მალდივის რესპუბლიკის განათლებისა და გენდერის, ოჯახისა და სოციალური სერვისების მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის მოწვევით, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნენ.
შეხვედრის ფარგლებში ვალერიან გობრონიძემ UNICEF-ისა და მალდივის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მათთან ბავშვთა უფლებების დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ბავშვთა უფლებებზე ზრუნვის გაძლიერებას, სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლა-სწავლების პროცესის თითოეული მოზარდის ინტერესებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებას.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებთან ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციისა და სკოლა პანსიონების მართვის საკითხები განიხილა და ამ მიმართულებით მათ სამომავლო გეგმები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
თავის მხრივ, მალდივის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრის მოადგილეს გამოცდილების გაზიარებისთვის და ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.