საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) აღმასრულებელ დირექტორ, დევიდ კლივთან, მის მოადგილე აიდინ ტურებავთან და ამავე ორგანიზაციის საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ, ირინა ხომერიკთან.
ნუნუ მიცკევიჩმა ცენტრის წარმომადგენლებს საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს საერთო ევროპულ კვლევით სივრცესთან ინტეგრაცია წარმოადგენს. მისი თქმით, სამინისტრომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, საქართველო, უკვე ზედიზედ მეორედ, აგრძელებს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამებში სრულუფლებიანი წევრის სტატუსით მონაწილეობას.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის პროგრამების შემუშავების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „Horizon Europe“-ის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თავის მხრივ, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) დელეგაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ცენტრის საქმიანობა, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დაფინანსების სქემა და მეცნიერთა მობილობის სხვადასხვა პროგრამა გააცნეს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ნუნუ მიცკევიჩს მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადეს და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.