საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა განათლების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა მარია თეოდორუსს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ და უნივერსიტეტის კარი ღიაა ბერძენი პროფესორებისთვისა და სტუდენტებისთვისაც.
მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ბერძენ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
თავის მხრივ, საბერძნეთის ელჩმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, ქართველ და ბერძენ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და საქართველოს სკოლებში ბერძნული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზეც იმსჯელეს.