სკოლებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გამოფენა-კონფერენცია გამართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე დაესწრო.
გამოფენაში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის გამოყენებით თავიანთი STEAM პროექტები წარმოადგინეს და შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მხრიდან უკუკავშირი მიიღეს. პროექტი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, დაეუფლონ ტექნოლოგიებს, გამოავლინონ შემოქმედებითი აზროვნება და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები.
ღონისძიების ბოლოს პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები ვალერიან გობრონიძემ პირადად გადასცა, მათ მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული STEAM პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ სკოლებს გაეგზავნათ ახლად შექმნილი STEAM პროექტები და ჩატარდა ყოველკვირეული კონსულტაციები. პროექტში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას.
განათლებაში STEAM მეთოდოლოგიის გამოყენება პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელების შესაძლებლობას გულისხმობს. STEAM განათლებას წვლილი შეაქვს ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა.
მნიშვნელოვანია, რომ STEAM მეთოდოლოგია ამზადებს მოსწავლეებს მომავალი შრომითი ბაზრისთვის. შედეგად, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის გამოყენებით გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს.