საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა, რომლის დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უპრეცედენტო თანხა – 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.
საგრანტო კონკურსის დეტალები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ განიხილეს.
გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო კონკურსი ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების გზით მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, რაც არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კონკურსის მიზანს წარმოადგენს ორიგინალური კვლევების შერჩევა/დაფინანსება, რომლებიც კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას ემსახურება. გარდა ამისა, კონკურსი ითვალისწინებს ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას პროტოტიპის ლაბორატორიულ, სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ქმედითობის, მისი რეალურ გარემოში გამოცდისა და გამოყენების დემონსტრირების გზით.
კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს კომერციალიზაციის, ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივის მქონე სამეცნიერო კვლევების იდენტიფიცირებასა და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 ლოტი:
კონკურსის ფარგლებში პროექტების შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები იცვლება თანამედროვე ევროპული მიდგომების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს EUROSTAT/OECD-ის კლასიფიკაციით დადგენილ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან.