საქართველოს სამეცნიერო სივრცის ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის (EOSC) განვითარების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან თავსებადი სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრის მონაწილეებმა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის, ღია მეცნიერების ეროვნული პოლიტიკის, ეროვნული სტრატეგიისა და EOSC-ის ეროვნული პლატფორმის განვითარების გეგმაც განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2022 წლის ნოემბერში დაგეგმილ „ღია მეცნიერების ფორუმის“ კონცეფციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის, ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლისა და ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები. ფორუმი მიზნად ისახავს, სამმხრივი შეხვედრების ფორმატში ღია მეცნიერების ღრუბლის ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და ეროვნულ დონეზე EOSC-ის ელჩების გადამზადებას.
ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის მართვის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელმა თათია მთვარელიძემ შეხვედრის მონაწილეებს ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ძირითადი პრინციპები გააცნო და ეროვნულ დონეზე ღია მეცნიერების ღრუბლის შექმნის პერსპექტივაზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ეროვნული სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინირებით ღია მეცნიერების განვითარების მიმართულებით იმუშავებს და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან თავსებადი სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ღია მეცნიერების პოლიტიკა ევროკომისიის პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. ღია მეცნიერების კვლევისა და ინოვაციების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამები ეფუძნება სტანდარტს, რომელიც კვლევის ხარისხის, ეფექტურობისა და უკუკავშირის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ღია მეცნიერების მთავარი მიზანია უახლესი ცოდნის გავრცელება, რისთვისაც ევროკომისია სამეცნიერო პროდუქტის (კვლევა, ინოვაცია) ხელმისაწვდომობის მიზნით, მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის - ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ინიციატივას, რაც ევროპის სამეცნიერო-კვლევით ინფრასტრუქტურათა ინტეგრაციას, გაერთიანებასა და ღრუბელზე დაფუძნებული სერვისების შექმნას ისახავს მიზნად.
ღია მეცნიერების პოლიტიკის ხელშეწყობა ევროკავშირის ყველაზე დიდი კვლევითი და ინოვაციური ჩარჩო პროგრამის – „Horizon Europe-ის“ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.