ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge; შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.
პირად გვერდზე ასევე მოცემულია ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ეროვნული გამოცდების შედეგად სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი გრანტი 1 500-მდე გამოსაცდელმა, ხოლო 50%-იანი გრანტი 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი და დაფინანსდა 200-ზე მეტი.
მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სტუდენტები უახლოეს დღეებში ხელშეკრულების გასაფორმებლად დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.
აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილმა 22-მა საგამოცდო ცენტრმა 90 000-მდე აპლიკანტი მიიღო, მათ შორის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ამასთან, ძირითადი სესიების პარალელურად მიმდინარეობდა დამატებითი სესიები იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ.