2022 წელს საქართველომ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებას – ახალგაზრდა ნატურალისტთა (IYNT) მე-10 საიუბილეო ტურნირს ბაქსვუდის სკოლაში უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა ჟიურის ნაშრომები წარუდგინეს იმ 17 აქტუალური პრობლემის შესახებ, რომლებსაც ნატურალისტთა სამეცნიერო კომისია ყოველწლიურად აქვეყნებს. ნაშრომები მიზნად ისახავდა პრობლემების როგორც თეორიული გადაჭრის გზების დასახვას, ისე ექსპერიმენტული კვლევების ჩატარებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირში 4 ოქროს მედლით აბსოლუტურად ლიდერობს და წელსაც, 6 სამეცნიერო რაუნდის შედეგად, ქვეყანამ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ღონისძიების პარალელურად, ტურნირში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები, მათი მწვრთნელები და დამოუკიდებელი ჟიურის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ ადგილებს სტუმრობდნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების მასპინძლობა და ახალგაზრდა ნატურალისტთა შორის დამყარებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების საქმეში.