საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ ენების ევროპულ დღეს! 26 სექტემბერს საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები იმართება.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ინიციატივით, მთელი ევროპის მასშტაბით, მრავალენოვნების გასავრცელებლად სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება, ვინაიდან ენობრივი მრავალფეროვნება კულტურებს შორის მაღალი დონის ურთიერთგაგების მიღწევის ინსტრუმენტი და ევროპის კონტინენტის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს 700 მილიონზე მეტ ევროპელს, რაც შეიძლება მეტი ენის შესწავლის ხელშეწყობა აქვს ნებისმიერ ასაკში, სკოლაში თუ სკოლის გარეთ.
ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო-სარეკლამო სასაჩუქრე მასალები ქართული ენის შესახებ, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოებში ავრცელებს. საელჩოები კი, თავის მხრივ, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ქართულ კუთხეს წარმოადგენენ და ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებულ პირებს სასაჩუქრე მასალებს გადასცემენ.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების განახლება ყოველწლიურად ხდება და მათი დათვალიერების, ჩამოტვირთვისა და ბეჭდვის შესაძლებლობა სპეციალური გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი.
ევროპის საბჭოს თანამედროვე ენების ევროპული ცენტრის ინიციატივით ფუნქციონირებს ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ვებგვერდი, რომლის ქართული ვერსია პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში მომზადდა. აღნიშნული გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება ქართულენოვანი განახლებული ფლაერები, ბანერები და პოსტერები, ენების ევროპული დღის ვებგვერდის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს ენების ევროპულ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. აღნიშნული თარიღი 2001 წელს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ეგიდით კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა.